
აშშ თურქეთს ამერიკული წარმოების პატრიოტის ტიპის თავდაცვის სისტემებს აღარ მიჰყიდის
22/08/2019 19:41:31 სხვა, მსოფლიო
აშშ თურქეთს ამერიკული Raytheon-ის პატრიოტის ტიპის თავდაცვის სისტემებს აღარ მიჰყიდის.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზად თურქეთის მიერ რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენა სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონი ანკარას ამერიკული თავდაცვის სისტემების შეძენას რუსულის სანაცვლოდ სთავაზობდა.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში განხორციელებულიყო.
იხილეთ ასევე: თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია მიიღო
აღსანიშნავია, რომ თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურდა. თუმცა თურქეთის მიერ რუსეთისთვის საზენიტო, სარაკეტო სისტემის დაკვეთა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზად იქცა. 18 ივლისს ვაშინგტონმა ანკარა F-35–ის წარმოების პროგრამიდან გარიცხა. აშშ შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. აშშ-ში აცხადებენ, რომ თურქეთს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოს, არ შეუძლია, ერთდროულად აწარმოოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში პენტაგონმა თურქ პილოტებს აუკრძალა წვრთნები F-35 ტიპის გამანადგურებლებზე, რომლებიც ანკარამ ვაშინგტონს დაუკვეთა.