გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს სტუმრობს: "ევროპელებს აშშ-ზე ძლიერი პარტნიორი არ გვყავს"
05/01/2022 13:57:04 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელის რანგში აშშ–ს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"რაც უფრო რთული ვითარებაა, მით უფრო მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორობა. ჩვენ, როგორც ევროპელებს, აშშ-ზე ძლიერი პარტნიორი არ გვყავს. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტით მინდა, ცხადვყო, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.
რაც შეეხება უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მისი თქმით, მოსკოვთან დაკავშირებით ევროპელებსა და აშშ-ის მთავრობას საერთო გზავნილი აქვთ:
"რუსეთის ქმედებებს უკრაინაში მოჰყვება საფასური და ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ დიალოგშია. ჩვენ გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ, როდესაც სხვადასხვა დონეზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გარდაუვალია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოლაპარაკებების ფორმატები განსხვავდება, ჩვენი, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორების გზავნილები მოსკოვისადმი ერთნაირია“.
მისი თქმით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური და კლიმატის ცვლილების თვალსაზრისითაც:
„ტრანსატლანტიკური ალიანსის სიძლიერე არ იზომება ტანკებითა და რაკეტებით, არამედ უპირველეს ყოვლისა იმით, თუ როგორ ვიმოქმედებთ ერთობლივად, როცა საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმები და ჩვენი ღირებულებები უნდა იყოს დაცული".
აშშ–ში გერმანელი დიპლომატის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხანმოკლე იქნება და სულ რაღაც რვა საათს გაგრძელდება. ბაერბოკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ანტონი ბლინკენსა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსს შეხვდება.


