ბაღდადში სარაკეტო იერიში მიიტანეს ბაზაზე, რომელშიც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებული
05/01/2022 12:05:56 მსოფლიო
ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე, რომელშიც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებული, სარაკეტო იერიში განხორციელდა.
თავდასხმა მოხდა 2020 წელს აშშ-ის დრონით ირანის მაღალი რანგის გენერლის და მისი ერაყელი პარტნიორის მკვლელობიდან ორი წლისთავის გამო დაძაბულობის ფონზე.
არსებული ცნობები, „კატიუშას“ ტიპის ოთხი რაკეტა დაეცა 5 იანვარს დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრის და ბაღდადის აეროპორტის მახლობლად. სარაკეტო დანადგარს დასავლეთ ბაღდადში მიაკვლიეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
2020 წლის 3 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, განხორციელდა დარტყმა, რომლის დროსაც მოკლეს ირანის გენერალი ყასემ სოლეიმანი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ძალების, „ყუდსის“ მეთაური და მისი ერაყელი პარტნიორი, ლეიტენანტი აბუ მეჰდი ალ-მოჰანდესი. დარტყმა განხორციელდა ერაყში აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ.
ორი მაღალი რანგის ოფიცრის მოკვლის ორი წლისთავის მოახლოებისას აშშ-ის ოფიციალური პირები არაერთხელ გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ შესაძლებელი იყო კოალიციის სამიზნეებზე თავდასხმები როგორც ერაყში, ისე სირიაში.
კოალიციამ, რომელიც ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის სირიაში, განაცხადა 4 იანვარს, რომ დარტყმები განახორციელა სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამიზნეებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ „გარდაუვალ საშიშროებას“ აშშ-ის ბაზისთვის.


