
ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკვე მეექვსედ გაიტაცეს
05/01/2022 12:14:05 საზოგადოება
ოკუპანტებმა ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი კიდევ ერთხელ დააკავეს უკანონოდ.
ირკვევა, რომ ეს მისი მეექვსე დაკავებაა. ის გასული წლის 17 ივნისს გათავისუფლდა თითქმის ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ.
ლაშა ხეთერელის დაკავება დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხეთერელის გარდა, ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება. მამუკა ჩხიკვაძეს, ზაზა მეგრელიშვილს, თამაზ გოგიჩაშვილს, კახაბერ ნათაძეს და ვლადიმერ კანიაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.