ყაზახეთის ქალაქ ალმათიში საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ (ვიდეო)
05/01/2022 10:06:21 მსოფლიო
ყაზახეთის ქალაქ ალმათიში საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ. როგორც „რადიო თავისუფლების“ ყაზახეთის ბიურო იტყობინება, შენობას ცეცხლი უკიდია.
მისი ცნობით, ათასობით დემონსტრანტმა, რომელთა ნაწილი რეზინის ხელკეტებით, ჯოხებითა და ფარებითაა შეიარაღებული, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციის კორდონი გაარღვია და საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყო. ძალოვანებმა მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობის კარი შეანგრიეს და ფანჯრები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც შენობის რამდენიმე სართულზე განთავსდნენ.
ცნობისთვის: ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოგვიანებით, მომიტინგეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო და გამოვიდა წინადადებით, რომ მომდევნო 180 დღის განმავლობაში კომუნალურ სერვისებზე გადასახადები არ გაიზრდება. მიუხედავად ამისა, აქციები ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში ამ დრომდე გრძელდება. პრეზიდენტმა ქვეყნის მანგისტაუს რეგიონსა და ალმათში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


