NATO: "2021 წელს ევროპაში ალიანსის საჰაერო სივრცის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების 290 ფრენა აღვკვეთეთ"
05/01/2022 08:55:30 მსოფლიო
2021 წლის განმავლობაში NATO–ს ავიაგამანადგურებლებმა ევროპაში ალიანსის საჰაერო სივრცის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების 290 ფრენა აღკვეთეს.
როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, გასულ წელს ევროპაში ალიანსის საჰაერო სივრცის სიახლოვეს უცნობი თვითმფრინავების გადაადგილების სულ 370–მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 80% (290 ფრენა) რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებზე მოდის.
"NATO–ს მოიერიშე თვითმფრინავები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ და მზად არიან აფრენისთვის ჩვენი მოკავშირეების საჰაერო სივრცის მახლობლად უცნობი თვითმფრინავების გადაადგილების შემთხვევაში. ალიანსი ფხიზლადაა და ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად", – აცხადებენ NATO–ში.
ცნობისთვის: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საჰაერო ოპერაციების ორი ცენტრი აქვს. მათგან ერთი მდებარეობს გერმანიაში, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ ევროპას, ხოლო მეორე – ესპანეთში, რომელიც მოიცავს სამხრეთ ევროპას და აკონტროლებს ყველა საჰაერო გადაადგილებას ევროპაში.


