
ადვოკატი – სააკაშვილის შიმშილობაზე: „ვინც ამით ხეირობს, არის ბიძინა ივანიშვილი“
05/01/2022 08:30:15 საზოგადოება
რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგმარეობაზე ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, თუმცა საბრძოლო განწყობაზეა და ამბობს, რომ სჭირდება სამედიცინო დახმარება, მათ შორის, ეს დაკავშირებულია ნერვოლოგიურ საკითხებთან.
ამასთან, როგორც მშვენიერაძე ამბობს, განხილვის თემა იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა სააკაშვილის მიმართ სავარაუდო ღირსების შემლახავ მოპყრობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სააკაშვილის ულტიმატუმს, შეიქმნას კომისია, მიეცეს ადვოკატებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა და დაუშვან მასთან მათ შორის პირადი ექიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ დაიწყებს შიმშილობას, მშვენიერაძე ამბობს: „ჩემი რჩევაა, რომ საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს: სააკაშვილი დასუსტებული ჯანმრთელობით ციხეში არის ის, რაც სურთ მის პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯად ახლა და ამ ეტაპზე მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას. ეს მას ვუთხარი, თუმცა გადაწყვეტილება მისი მისაღებია და იმედი მაქვს, ის ამ რჩევას გაითვალისწინებს.რადგან, ვინც ამით ხეირობს, არის ივანიშვილი“.