ჯანმო "ომიკრონის" შესახებ ახალი მტკიცებულებების თაობაზე იუწყება
04/01/2022 14:04:58 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, იზრდება იმ მტკიცებულებათა რაოდენობა, რომელთა თანახმად, "ომიკრონს" უფრო მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამებს. თუმცა ჯანმო–ში აცხადებენ, რომ აღნიშნულის საბოლოო დადასტურებამდე მეტი კვლევაა საჭირო.
"უფრო მეტი და მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ "ომიკრონი" უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ვიდრე კორონავირუსის წინა ვარიანტები. ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო მეტ კვლევას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ "ომიკრონი" აინფიცირებს სხეულის ზედა ნაწილს, განსხვავებით სხვა შტამებისგან, რომლებიც მძიმე პნევმონიას იწვევენ. ეს შეიძლება, იყოს კარგი ამბავი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მეტი კვლევა ამის დასამტკიცებლად", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აბდი მაჰამუდმა.
ჯანმო–ს ცნობით, "ომიკრონი", რომელიც სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება, მსოფლიოში 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. ამჟამად ის 128–მდე ქვეყანაში ცირკულირებს.
მიუხედავად იმისა, რომ "ომიკრონის" გამო კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ მთელ რიგ ქვეყნებში ყველა დროის ანტირეკორდი მოხსნა, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე პანდემიის წინა ეტაპებზე იყო.


