Accentnews.ge
ბლინკენმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებს ალიანსის წესდების მე–5 მუხლისადმი აშშ-ის ერთგულება დაუდასტურა

ბლინკენმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებს ალიანსის წესდების მე–5 მუხლისადმი აშშ-ის ერთგულება დაუდასტურა

04/01/2022 06:48:36 საზოგადოება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებმა უკრაინის საზღვართან რუსული ძალების თავმოყრის საკითხი განიხილეს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბლინკენმა მათ ნატო–ს წესდების მე–5 მუხლისადმი აშშ-ის ერთგულება დაუდასტურა.

"სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბარი გამართა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებთან – "ბუქარესტის ცხრიანის" ჯგუფის (ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ბლინკენმა და "ბუქარესტის ცხრიანის" საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობის ზრდა უკრაინის საზღვართან, მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვისთვის ნატო-ს ერთიანი და მტკიცე პოზიციის საჭიროება და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთო შეშფოთების საგანია. სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის ერთგულება, განაგრძოს მჭიდრო კონსულტაციები და კოორდინაცია ყველა ტრანსატლანტიკურ მოკავშირესთან და პარტნიორთან, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ დეესკალაციიაზე შეკავების, თავდაცვისა და დიალოგის გზით. ბლინკენმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი ერთგულება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და ნატო-ს წესდების მე–5 მუხლისადმი", – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ცნობისთვის: უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S