
საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს
04/01/2022 06:01:13 საზოგადოება
საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც დროებით B.1.640.2 უწოდეს.
ფრანგული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი სახეობა დეკემბერში აღმოუჩინეს კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურს. მან საფრანგეთის სამხრეთში სავარაუდოდ, კიდევ 12 ადამიანი დააინფიცირა.
კორონავირუსის ახალი სახეობის კვლევა ადრეულ ეტაპზეა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას 46 მუტაცია აქვს.
ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი "ომიკრონია". ახლადინფიცირებულთა 60%-ზე მეტს სწორედ ეს სახეობა აქვს.
"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.