
საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო
03/01/2022 16:05:26 საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს.
სააგენტო 2022-2024 წლების განმავლობაში, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) განახორციელებს საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბერის ბრძანება №798).
მისი ცნობით, დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას.
ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
- მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
- გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
- სანოტარო მედიაცია;
- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
- ფაქტების კონსტატაცია;
- მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის,
- უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ინფორმაციითვე, მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.
ამასთან, საქართველოს მთავრობის #636 დადგენილებით (2021 წლის 31 დეკემბერი) ცვლილება შევიდა #509-ე დადგენილებაში (2011 წლის 29 დეკემბერი), რომლითაც განისაზღვრება სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის საფასური.