
ამერიკელი მაღალჩინოსანი: "რუსეთი, დიდი ალბათობით, უკრაინაში შეიჭრება"
03/01/2022 14:56:15 მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი აცხადებს, რომ "რუსეთი, დიდი ალბათობით, უკრაინაში შეიჭრება".
მისი თქმით, "მოსკოვის შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ უმკაცრესი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი".
"ვფიქრობ, ჩვენმა მოკავშირეებმა სანქციების დაწესებას მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი. რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიცია გვაქვს", – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთმა უკრაინაზე შეტევა შესაძლოა, რამდენიმე თვეში დაიწყოს.
ცნობისთვის: უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.
10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.