
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით გორში აქცია გაიმართა
03/01/2022 13:09:29 საზოგადოება
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით გორში აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არანაირი ინფორმაცია დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი მათი მეგობრის შესახებ არ აქვთ და ხელისუფლებას ჩხიკვაძის გასათავისუფლებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას სთხოვენ.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ გაგვცეს პასუხი ხელისუფლებამ, რა ქმედითი ნაბიჯები იდგმება მის გასათავისუფლებლად. ძალიან ვწუხვარ, რომ ახალი წლის დღეებში აქ დგომა გვიწევს და ჩვენს თანამოქალაქეებს ჩვენს ქვეყნაში ასე ექცევიან. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ უკანონო პატიმრობაში“, – აცხადებს მამუკა ჩხიკვაძის მეგობარი გიორგი ჟამურელი.
მოგვიანებით, შეკრებილებმა ცენტრალური მოედნიდან სუს-ის შიდა ქართლის დეპარტამენტთან გადაინაცვლეს და ხელმძღვანელობისგან მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ, თუმცა მათ არავინ გამოხმაურებია.
ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანეს. 14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. ამ დრომდე "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტს დაკავებულის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა.