
"ვფიქრობთ, საქართველოში "ომიკრონი" 2-3 კვირის განმავლობაში უკვე იქნება დომინანტი შტამი"
03/01/2022 11:59:26 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონით“ ინფიცირების 147 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალურად აღნიშნული შტამით ინფიცირების მაჩვენებელი შესაძლოა, ოთხჯერ მეტი იყოს.
მისი თქმით, ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში "ომიკრონი" 2-3 კვირის განმავლობაში უკვე დომინანტი ვარიანტი იქნება.
რაც შეეხება "ომიკრონით" ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ პაციენტების კლინიკური მდგომარეობა შედარებით მსუბუქია:
„147 ინფიცირებულიდან 18 წლამდე ასაკის 14 მოზარდია. სტაციონარში მოთავსდა 5 ინფიცირებული, მაგრამ მოთავსების მიზეზი „ომიკრონი“ იყო მხოლოდ ორ შემთხვევაში, დანარჩენში მიზეზი იყო კოვიდთან ერთად თანმხლები დაავადებები. 147 პაციენტის კლინიკური მდგომარეობა შედარებით მსუბუქია – მიმდინარეობს ზომიერი ტემპერატურით, ყელის ტკივილით და ხველებით, სუნთქვის უკმარისობა და ინტენსიური თერაპიის საჭიროება არ არის“.
მისი თქმით, 147 დადასტურებული შემთხვევიდან 16% კოვიდგადატანილია.
როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონის“ მართვა ძირითადად იქნება ონლაინ–კლინიკების, ამბულატორიების და პოლიკლინიკების პასუხისმგებლობა, რადგან იგი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე "დელტა" შტამი.
მან მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:
"ნუ გავთამამდებით იმით, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქია და კვალს არ დატოვებს, არა – კვალი აუცილებლად დარჩება. ამიტომ სამჯერადი ვაქცინაცია სერიოზულად დაგვიცავს „ომიკრონისგან“. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა სივრცეში პირბადის ტარება, დისტანცია და თავშეყრებისგან თავის არიდება".