
უქმე დღეების მიუხედავად, საქართველოს საჯარო უწყებების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
03/01/2022 05:11:19 საზოგადოება
დღეიდან 10 იანვრამდე საქართველოს საჯარო უწყებებში უქმე დღეებია, თუმცა მათი ნაწილი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ახალი წლის და შობის დღესასწაულების პერიოდში საჯარო უწყებებისთვის 10 იანვრამდე პერიოდის უქმედ გამოცხადების გადაწყვეტილება 2021 წლის ბოლო სხდომაზე, 28 დეკემბერს მიიღო კორონავირუსის ეპიდემიის გამო შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.
- უქმე დღეების მიუხედავად, მოქალაქეებს დღეიდან კვლავ მოემსახურება იუსტიციის სახლი, რომლის ფილიალებიც მხოლოდ 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე არ იმუშავებს. ამასთან, შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.
- ჩვეული რეჟიმით მუშაობს სპეციალური პენიტენციური სამსახური. მისი ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში შეუფერხებლად განხორციელდება:
ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ვიზიტორების მიღება;
პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი ყველა პაემანი;
ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღება.
- 10 იანვრამდე არ იმუშავებს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი, თუმცა საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტ რეჟიმში, „112“-ის საჯარიმო სადგომზე.
- 10 იანვრიდან განაახლებს მუშაობას შსს-ს მომსახურების სააგენტო. მოქალაქეები, რომლებსაც 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით.