
ხანძარი და დაშავებული არასრულწლოვანები - პიროტექნიკის შედეგები
01/01/2022 18:11:46 საზოგადოება
ახალი წლის ღამეს საქართველოში პიროტექნიკის გამოყენებამ როგორც ადამიანები, ისე შენობები დააზიანა.
"ფეისბუქ–გვერდის" "ჩემი ქალაქი მკლავს" ინფორმაციით, პიროტექნიკის გამო თბილისში, მუხიანში მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. გარდა, ამისა ხანძარი გაჩნდა გორში, საცხოვრებელ სახლში.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალაქში პიროტექნიკის გამოყენებისას 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. დაშავებულები კლინიკა "რუსთავში" შეიყვანეს.
ექიმების თქმით, რამდენიმე პაციენტმა თითი დაკარგა.
ამასთან, ახალი წლის ღამეს ბახტრიონის ქუჩაზე პიროტექნიკის გამოყენების შედეგად რამოდენიმე საათი ელექტრო ენერგია გაითიშა.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით 27 ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, თბილისში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. რვიდან ექვსი კლინიკაში სხვადასხვა მიდამოს დაზიანებით გადაიყვანეს.
რაც შეეხება რეგიონებს, პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან კლინიკაში 13 პაციენტი გადაიყვანეს.