Accentnews.ge
პუტინი – ბაიდენს: "სანქციები უსერიოზულესი შეცდომა იქნება"

პუტინი – ბაიდენს: "სანქციები უსერიოზულესი შეცდომა იქნება"

31/12/2021 06:20:13 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან საუბრისას მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესებას "უსერიოზულესი შეცდომა" უწოდა. ამის შესახებ კრემლის განცხადებაშია ნათქვამი.

"რუსულმა მხარემ უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში ბაიდენის მიერ კვლავ ნახსენებ მასშტაბურ სანქციებს ამომწურავი პასუხი გასცა. პუტინმა ბაიდენს უთხრა, რომ ეს იქნება უსერიოზულესი შეცდომა, რომელიც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს ფაქტობრივად, სრულად გაწყვეტით ემუქრება", – აცხადებენ კრემლში.

მისივე ცნობით, "პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობის შედეგი უნდა იყოს მყარი სამართლებრივი გარანტიები, რათა გამოირიცხოს აღმოსავლეთისკენ ნატო–ს წინსვლა და რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს შეიარაღების განთავსება".

"აქცენტირებული იყო, რომ თითოეული ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების განუყოფელობის პრინციპის მკაცრად დაცვის საფუძველზე“, – აცხადებენ კრემლში.

პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ასევე, იმას, რომ ვაშინგტონს არ აქვს უკრაინის ტერიტორიაზე დამრტყმელი, შეტევითი შეიარაღების განთავსების განზრახვა.

თეთრის სახლის ინფორმაციით, თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას "მტკიცე პასუხი გაეცემა".

„რუსეთის პრეზიდენტთან საუბარისას ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მტკიცე პასუხს გასცემენ რუსეთს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით, ნატო-ში, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო–ში. აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ არსებითი პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის შემთხვევაში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადების გარდა, მედიასაშუალებები, მათ შორის Reuters და BBC ავრცელებენ თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან ანონიმურობის დაცვის პირობით მიღებულ კომენტარს. წყაროს თანახმად, პუტინთან საუბრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა დაასახელა ორი გზა, რომელსაც აშშ აირჩევს რუსეთის შემდგომი ქმედებების მიხედვით - ან დიპლომატია, ან რუსეთის შეკავება მისთვის სერიოზული ფინანსურ-ეკონომიკური ზარალის მომტანი უპრეცედენტო სანქციებით და ნატოს გაძლიერებით.

ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთის ინიციატივით გამართული სტელეფონო საუბარი 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S