ბაიდენმა პუტინი გააფრთხილა
31/12/2021 06:10:43 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას "მტკიცე პასუხი გაეცემა".
თეთრის სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა პუტინს უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„რუსეთის პრეზიდენტთან საუბარისას ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მტკიცე პასუხს გასცემენ რუსეთს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით, ნატო-ში, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო–ში. აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ არსებითი პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის შემთხვევაში“, – ნათქვამია თეთრი სახლისგანცხადებაში.
თეთრი სახლის ოფიციალური განცხადების გარდა, მედიასაშუალებები, მათ შორის Reuters და BBC ავრცელებენ თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან ანონიმურობის დაცვის პირობით მიღებულ კომენტარს. წყაროს თანახმად, პუტინთან საუბრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა დაასახელა ორი გზა, რომელსაც აშშ აირჩევს რუსეთის შემდგომი ქმედებების მიხედვით - ან დიპლომატია, ან რუსეთის შეკავება მისთვის სერიოზული ფინანსურ-ეკონომიკური ზარალის მომტანი უპრეცედენტო სანქციებით და ნატოს გაძლიერებით.
ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთის ინიციატივით გამართული სტელეფონო საუბარი 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მოელოდნენ, რომ მათი საუბარი შეეხებოდა მთელ რიგ საკითხებს ჟენევაში 10 იანვრისთვის დაგეგმილი შეხვედრის გამართვამდე.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.
10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.


