
მესტიაში ხატზე დაიფიცეს, რომ "მაინერებს" აღარ გამოიყენებენ
30/12/2021 13:47:27 საზოგადოება
მესტიელებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხატზე დაიფიცეს, რომ ელექტროენერგიას აღარ გამოიყენებენ "მაინერების" ასამუშავებლად. დაფიცების რიტუალი დღეს გაიმართა.
"შესრულდა ხატზე დაფიცების რიტუალი, რომელიც მოიცავდა ერთადერთ პუნქტს, რომ გაგვეთიშა მოსახლეობას "მაინერები". დაიფიცა სრულიად მესტიის მოსახლეობამ. ყველაზე ცუდი ფაქტი ისაა, რომ ამ ზომას მივმართეთ ჩვენ, სხვა ალტერნატიული გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ექვსი წელია, ეს პრობლემა არ მოგვარდა და მივმართეთ უკიდურეს ზომას", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მესტიას ზამთარში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქვს. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება უფასოა, მოსახლეობა კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად "მაინერებს" რთავს. ზამთარში ისედაც გაზრდილ დატვირთვას სადენები ვერ უძლებს და მუდმივად ითიშება ელექტროენერგია.
24 დეკემბერს მესიის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე იდგა. მერია აცხადებდა, რომ საჭირო 7 მეგავატის ნაცვლად, მოსახლეობა 27 მეგავატს მოიხმარდა.
"ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება... დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა", - ეწერა გავრცელებულ განცხადებაში.