ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს აფრთხილებს: "ომიკრონის" ინკუბაციური პერიოდი შეიძლება, ხანგრძლივი იყოს"
30/12/2021 07:45:19 მსოფლიო
კარანინის პერიოდის შემცირების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნები გააფრთხილა.
"თუ მთავრობები შეამცირებენ საკარანტინო პერიოდს, იქნება მცირე რაოდენობის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს განუვითარდებათ დაავადება და გაარძელებენ ინფექციის გავრცელებას, რადგან ისინი ადრე გამოუშვეს კარანტინიდან. მაგრამ ეს იქნება უფრო მცირე რაოდენობა იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც არ იქნება კორონავირუსის გამავრცელებელი და ასევე გათავისუფლდება ამ კარანტინიდან", – განაცხადა ჯანმო–ს საგანგებო მდგომარეობების დირექტორმა მაიკ რაიანმა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინები კარანტინის შესახებ შემდეგია:
- სიმპტომატური პაციენტებისთვის – სიმპტომების დაწყებიდან 10 დღე და მინიმუმ, სამი დღე სიმპტომების გარეშე;
- უსიმპტომო პაციენტებისთვის – დადებითი ტესტიდან 10 დღე.
რაც შეეხება ვირუსის ინკუბაციურ პერიოდს, რაიანის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომ საშუალო ინკუბაციური პერიოდი 5–6 დღეა.
"5, 6 ან 7 დღის შემდეგ ვინმეს სიმპტომების განვითარების ალბათობა მცირეა", განმარტა მან და დასძინა, რომ იზოლაციის ვადის შემცირების გადაწყვეტილების მიმღებმა ქვეყანამ, თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის უნდა დაატოვებინოს ადამიანს იზოლაცია.
- "არსებობს გარკვეული მონაცემები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ "ომიკრონის" ინკუბაციური პერიოდი შეიძლება, იყოს უფრო მოკლე. მიგვაჩნია, რომ ეს პერიოდი შეიძლება, ხანგრძლივიც იყოს, რადგან ვარაუდი ძალიან შეზღუდული კვლევების შედეგებზეა დაფუძნებული. ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება, თუ ჩვენ არ დავინახავთ უზარმაზარ ძვრებს, უზარმაზარ ნაბიჯებს კორონავირუსის კონტროლის ზომების შემცირებაში, მხოლოდ წინასწარი კვლევების საფუძველზე", – განაცხადა რაიანმა.
რაც შეეხება საქართველოში მოქმედ იზოლაციისა და კარანტინის წესებს, კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებითა და ამ მუხლის მეოთხეს პირველი და მეოთხეს მეხუთე პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში იზოლაციას. ამასთან, 12–დღიან იზოლაციას ექვემდებარება პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცნობისთვის: მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, პორტუგალიამ, დანიამ, ირლანდიამ და საბერძნეთმა მიმდინარე კვირაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოავლინეს, რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს.
კერძოდ,
- ესპანეთმა კოვიდ–ინფიცირებული პირისთვის თვითიზოლაციის პერიოდი 10–დან 7 შეამცირა. როგორც ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ბიზნესმენების ცნობას, რომ "ომიკრონის" გავრცელების შემდეგ კომპანიებში პერსონალის მზარდი დეფიციტია.
- იტალიამ თვითიზოლაციის პერიოდი საერთოდ გააუქმა იმ პირებისთვის, რომლებიც არიან სრულად ვაქცინირებულები, ან ვაქცინირების შემდეგ "ბუსტერ" დოზითაც აცრილები, ან კორონავირუსისგან ახლახანს გამოჯანმრთელებულნი და ჰქონდათ კონტაქტი კოვიდ–ინფიცირებულთან. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის სპეციალისტებმა ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ "ომიკრონის" გავრცელებამ შესაძლოა, ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს, თუ მილიონობით ადამიანს სახლში იზოლაციაში დარჩენა მოუწევს.
- ინგლისში ადამიანები, რომლებსაც კოვიდ–ინფიცირებულთან კონტაქტიდან მე–6 და მე–7დღეს (ტესტი ტარდება 24–საათიანი ინტერვალით) კორონავირუსის ტესტის პასუხი უარყოფითი ექნება, აღარ მოუწევთ იზოლაციაში 10 დღის განმავლობაში დარჩენა.


