
ადვოკატები რუსთავის საპატიმროში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ელოდებიან
30/12/2021 04:50:59 საზოგადოება
ადვოკატები დღეს უნდა შეხვდნენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსრომელიც წუხელ გავრცელებული ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
"უნდა ვნახო პატიმარი როგორ მდომარეობაშია. როცა მე ის ვნახე ბოლოს, იქ მეჩვენა, რომ არ იყო კარგად კი არა, იყო ძალიან ცუდად. მე არ ვიცი ამ ტრანსპორტირების მერე და რა ექსცესური ვითარება იყო, არ იყო. მე უნდა ვნახო, რომ პატიმარი ცოცხალია", - უთხრა რუსთავის საპატიმროსთან ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
რუსთავის საპატიმროსთან წუხელვე შეიკრიბნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გატაცებაში ადანაშაულებენ.
პარლამენტის დეპუტატმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ, რომელმაც 29 დეკემბერს მიხეილ საააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, მედიას უთხრა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, არა საპატიმროში, არამედ რეანიმაციაში გადაყვანა იქნებოდა ლოგიკური გადაწყვეტილება: "მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, წავიდნენ ღია მკვლელობაზე. სხვა შეფასება არ შეიძლება ამას ჰქონდეს".
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება პირველად 27 დეკემბერს გადაწყვიტა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.
28 დეკემბერს, ჯერ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების საფუძველზე, მისი გაწერის გადაწყვეტილება ჰოსპიტალმა მიიღო, რასაც მოჰყვა სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, აღელვება და არტერიული წნევის მატება, ამიტომ კლინიკაში დატოვეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ექსპრეზიდენტის გარემოცვაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისთვის 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, ბრეგაძემ უპასუხა, რომ არსებული სტანდარტით, რომელიც ყველაზე ვრცელდება, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, პატიმარი გადაჰყავთ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილსაც იქ გადაიყვანენ, რადგან გამონაკლისი არავინაა.
29 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა განაცხადა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილს დაუსვეს ახალი დიაგნოზი. ბრაჭველის ინფორმაციით, მას არ მიეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება.