ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი 30 დეკემბერს სატელეფონო საუბარს გამართავენ
29/12/2021 17:36:14 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 30 დეკემბერს სატელეფონო საუბარს გამართავენ,– ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ემილი ჰორნიმ CNN–ს განუცხადა.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მათ შორის იანვარში დაგეგმილი შეხვედრის დეტალებს განიხილავენ.
ემისი განცხადებით, სატელეფონო საუბარის ინიციატორი პუტინი იყო და შეთავაზებას ბაიდენი დათანხმდა, რადგან „ის მიიჩნევს, რომ როდესაც საქმე რუსეთს ეხება, ლიდერებს შორის პირდაპირი დიალოგი შეუცვლელია“.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციებს მართავს საერთო მიდგომასთან დაკავშირებით, უკრაინის საზღვრებთან რუსული საარმიო ნაწილების მობილიზების ფონზე. მიმდინარე თვეში ეს ბაიდენისა და პუტინის მეორე საუბარი იქნება.
აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა 10 იანვარს არის დაგეგმილი, რუსეთსა და ნატო–ს შორის მოლაპარაკებები – 12 იანვარს, ხოლო უფრო ფართო რეგიონული შეხვედრა მოსკოვს, ვაშინგტონსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას შორის 13 იანვრისთვისაა დაგეგმილი.
იხილეთ ასევე: სამიტებით დატვირთული იანვარი კრემლის მუქარის ფონზე: სად შეიძლება, მოიძებნოს კომპრომისი?


