
ხერხეულიძე: "ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, მიხეილ სააკაშვილი არის დავრდომილი ადამიანი"
29/12/2021 16:10:39 საზოგადოება
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა.
„ერთი სიტყვით, რომ შევაფასოთ, მიხეილ სააკაშვილი არის დავრდომილი ადამიანი. თუ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ასე გამოიყურებოდეს. მე, როდესაც შევედი, იწვა და მითხრა, რომ ვერ დგება, მაგრამ ვთხოვე, მეც მივეხმარე და სავარძლისკენ გადმოჯდა. [...] წარმოუდგენელ მდგომარეობაშია! ხელების კანკალი, თავბრუსხვევა, გულისრევა, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა“,– “, - განაცხადა დეპუტატმა.
როგორც ხერხეულიძე ამბობს, სააკაშვილი ელოდება დაუყოვნებლივ ექიმების შესვლას:
„ადამიანი არ მიშვებდა, მითხრა არ ვიცი, აქ მარტო, როგორ გავძლებო და ვერც გაგაგებინებთ, როგორ ვიქნებიო“.
ეკა ხერხეულიძემ ილაპარაკა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მცდელობის შესახებაც:
„ადამიანმა დეტალურად მიამბო, რომ მწოლიარეს ექვსი კაცი თავზე დაახტა. ჯანმრთელობის ამ მდგომაროებაში მყოფს უთხრეს, რომ უნდა მოეხსნა საათი. მან მითხრა: „აბა, სცადეთო, ვუთხარიო“ - ვერ მივხვდიო, ასეთი ფორმით რატომ შემოვარდნენო, მაშინ თქვესო: „რამდენს ბედავს, დაადეთ, ბორკილებიო“. ხელები გაუკავეს, იყო ჭიდაობა, მანამდე ჰოლში ჭიდაობა“.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილი მოითხოვს ამ კადრების გასაჯაროებას.
ეკა ხერხეულიძემ ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ფანჯარა აუჭედეს და მის ოთახში მზის სხივი არ შედის.
გარდა ამისა, როგორც პარლამენტი წევრი აღნიშნა, სააკაშვილმა თქვა, რომ ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მკურნალი ექიმთან, ნინო გოგორიშვილთან გამოკითხვა მის თვალწინ ჩაატარა:
„თუ ყველაფერი ისე წავიდა, რომ მე ადვოკატებთან, ექიმებთან და ახლობლებთან შეხვედრის შესაძლებლობა, მე სადაც არ უნდა ვიყო, დავიწყებ შიმშილობას. მითხრა, რომ დღეს ერთი ვაშლი მაქვს ნაჭამიო“.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება 27 დეკემბერს გადაწყვიტა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.
28 დეკემბერს, ჯერ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების საფუძველზე, მისი გაწერის გადაწყვეტილება ჰოსპიტალმა მიიღო, რასაც მოჰყვა სააკაშვილის აღელვება და არტერიული წნევის მატება, ამიტომ კლინიკაში დატოვეს.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უარყო, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის ძალით გადაყვანას ცდილობდნენ. ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მინისტრი ცრუობს და მოითხოვს, საჯარო გახდეს ჰოსპიტლის ვიდეოკამერების ჩანაწერები.