
ექიმი ნინო გოგორიშვილი ნიკა გვარამიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და მისი, როგორც ექიმის, დისკრედიტაციაში ადანაშაულებს
28/12/2021 13:24:03 პოლიტიკა
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ნინო გოგორიშვილი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ნიკა გვარამიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და მისი, როგორც ექიმის, დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
„დღეს პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია, გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც შემაცდინა. მის კითხვებზე ჩემი პასუხები იყო მოკლე, ხელმოწერის შემდეგ კი მან ტექსტი ჩემთვის უცნობი გარემოებებით განავრცო, რის შესახებაც შემდეგ პირდაპირ ეთერიდან გავიგე. აღნიშნული ფაქტი, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო და მომაყენა ტრავმა. მიმაჩნია, რომ ეს განცხადება კავშირშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, როდესაც მან მკვლელი მიწოდა. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას. ნიკა გვარამიას განცხადებაში სიმართლე ნაწილობრივ არის, მაგრამ ასევე არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ. მე ვთქვი ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის თავისუფალი, ხოლო მას სად უმკურნალებენ ჩვენ არ გვეხება“, - განაცხადა გოგორიშვილმა.
ცნობისთვის: დღეს ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო ექიმ ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი, სადაც გვარამიას თქმით, მკურნალი ექიმი ამბობს, რომ "თუ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საქართველოში თავისუფლების პირობებში არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა".