
საქართველოში "ომიკრონის" უკე 60 შემთხვევაა: პროგნოზირებენ, რომ ახალი შტამი დომინანტური იანვარში გახდება
27/12/2021 15:28:01 საზოგადოება
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში "ომიკრონის" შტამით ინფიცირების 60–მდე შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა არც ერთი პაციენის შემთხვევაში ჰოსპიტალიზების აუცილებლობა არ დამდგარა.
მისი ვარაუდით, ხსენებული შტამი ქვეყანაში დომინანტური 10–20 იანვრამდე გახდება.
რაც შეეხება ვარაუდს, რომ პანდემია შესაძლოა "ომიკრონის" შტამით დასრულდეს, ჩხაიძის თქმით, ეს მუსირებს არა მხოლოდ საქართველოში და მას ზურგს ვირუსის უნარი უმაგრებს:
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება, არ არის მძიმე დაავადების გამომწვევი. ეს შესაძლოა, იყოს ერთ–ერთი გზა პანდემიის დასრულებისკენ – მუტაციის სახით შექმნას ვირუსი, რომელიც არ გამოიწვევს მძიმე შემთხვევებს, ბევრი ადამიანი გახდება ავად, მაგრამ ამით დამთავრდება ყველაფერი. ყველა იმ ქვეყნის გამოცდილება, სადაც „ომიკრონის“ პიკი დაფიქსირდა, გვიჩვენებს, რომ პიკს სწრაფ მატებასთან ერთად სწრაფი კლება ახასიათებს. ეს ძალიან კარგია. ჩვენ ახლა მეხუთე ტალღის პიკი გვაქვს ქვეყანაში, რომელიც მეორე თვეა, გრძელდება. "ომიკრონის" შემთხვევაში ეს 2–3 კვირიანი პერიოდია“,– განმარტა ჩხაიძემ.