
ვის ეზრდება დასუფთავების გადასახადი
24/12/2021 14:38:51 საზოგადოება
თბილისის მერიის მიერ შემუშავებული პროექტით, თბილისში დასუფთავების გადასახადი თითქმის ყველა სახის კომერციულ და არაკომერციულ დაწესებულებას ეზრდება. თითოეულ დაწესებულებას მინიმუმ 65%–ითმეტის გადახდა მოუწევს.
დადგენილების პროექტის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრიდან დასუფთავების გადასახადი ეზრდებათ: საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს, მაღაზიებს, სტადიონებს, რკინიგზის სადგურებს, სილამაზის სალონებს, საბანკეტო დარბაზებს, საცხობებს, ღამის კლუბებს, აეროპორტებს, მეტროს და მათ შორის თბილისის ზღვაზე არსებულ ფასიან სანაპირო ზოლებს. იმ საწარმოების ჩამონათვალი, ვისაც გადასახადი გაეზრდება, ბევრად უფრო ვრცელია.
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ამ ცვლილებების შემდეგ დაწესებულებებს ზუსტად იმდენი თანხის გადახდა მოუწევთ დასუფთავების სამსახურისთვის, რამდენიც ჯდება მათი მომსახურება:
"მოსაკრებელი იზრდება მხოლოდ იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომლებიც ეწევიან მომგებიან საქმიანობას. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო სექტორისთვის. ასევე იზრდება სახელმწიფო დაწესებულებებისთვის. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ დასუფთავების მიმართულებით მნიშვნელოვან სუბსიდიას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, თუმცა არავის არ მიგვაჩნია, რომ მუდმივად ვასუბსიდიროთ ბიზნესსექტორი... არის ახლა ის დრო, როდესაც საკრებულომ უნდა განიხილოს ამ მოსაკრებლის გადახედვის საკითხი, გაიზარდოს და გაუტოლდეს ზუსტად მათი გადახდილი თანხა იმას, რაც იხარჯება მათივე მომსახურებისთვის".
დადგენილებას კენჭს თბილისის საკრებულო 27 დეკემბერს უყრის. ცვლილება მიღების შემთხვევაში, 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.