
"ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დღეს ენმ–ის ოფისთან სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა"
24/12/2021 13:02:35 პოლიტიკა, საზოგადოება
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია მივიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოშიმშილეებს ჯანმრთელობის პრობლემები უკვე აქვთ.
"მე როგორც მამა ჩემი შვილის და როგორც კოლეგების მეგობარი, არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და არ დავინტერესდე ამ ხალხის ჯანმრთელობით. არის პრობლემები, უკვე გამოჩნდა, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები არ მიჯერებენ და არ შეიძლება ასე, როგორც შეიძლება შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს ადამიანს და ის შიმშილობდეს, ან მეორეს ღვიძლის ფუნქციები იყოს ისეთი და შიმშილობდეს. ქალბატონი ეკატერინე რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ არათუ ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რამოდენიმე ბრიგადა იქნებოდა, მაგრამ არ ჰყავთ მეთაური და "ოცნება" რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით, მაგათ თუ გაწყდება მთლიანად ნაციონალები, ის გაუხარდებათ", - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის: "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში 200-მდე ადამიანი შიმშილობს. მოთხოვნა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.