Accentnews.ge
საქართველო–თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შედის

საქართველო–თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შედის

24/12/2021 09:24:33 ეკონომიკა

საქართველო და თურქეთი ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არეალის გაფართოებაზე მუშაობენ. საკითხზე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, მუსტაფა თუზჯუმ დღეს ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრები გამართა. მისი განცხადებით, საუბარია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული პროდუქტების გაფართოებაზე და ასევე სერვისების დამატებაზეც.

„საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს მხოლოდ პროდუქციაზე და არა სერვისებზე, ამიტომაც ვცდილობთ, დავამატოთ სხვა მიმართულებებიც, მაგალითად ტრანსპორტირება, ფინანსური სერვისები და სხვა. ასევე, ვცდილობთ, შეთანხმება მოიცავდეს სოფლის მეურნეობის უფრო მეტ პროდუქციას, მართალია, შეთანხმება მოიცავს სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქციას, თუმცა, ეს არ გვაკმაყოფილებს.

ასევე ჩვენ ვისურვებდით რომ გვქონდეს დაბალანსებული ვაჭრობა. ქართულმა მხარემ ამას ხაზი გაუსვა. ქართული მხარე ცდილობს ვაჭრობის მაჩვენებლებს შორის დიდი სხვაობის შემცირებას, თუმცა ჩვენი მოსაზრებაა, გავაფართოვოთ ეს სავაჭრო მოცულობა ორ ქვეყანას შორის 3 მილიარდ აშშ დოლარამდე, ეს ერთგვარ სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა დაასახელა. ვფიქრობ, ამ კუთხით მომავალი წლის პირველ ნახევარში პროგრესის შესახებ განვაცხადებთ“, - აღნიშნა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ქართული მხარისგან არის მოთხოვნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას დაემატოს თაფლი, ცხოველთა პროდუქცია და სხვა:

„ამ საკითხებს განვიხილავთ, ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა, ორივე მხარე პოზიტიურად არის განწყობილი. ვფიქრობთ, 2022 წელს ჩვენი მინისტრები პრეზიდენტებთან ერთად ფართო შეთანხმების შესახებ გამოაცხადებენ. იმისთვის, რომ საქართველოდან თურქეთში ექსპორტი გაიზარდოს, აუცილებელია, გაიზარდოს თავად ქართული პროდუქციის წარმოება. საქართველოში 2 000–ზე მეტი თურქული კომპანია მუშაობს, ახორიელებს ინვესტიციებს. გსურს, მეტი კომპანია ვიხილო მათ შორის ენერგეტიკის სექტორშიც და ამისთვის აუცილებელია, ინვესტორებს გარკვეულ საკითხებში მეტი პროგნოზირებადობა ჰქონდეთ“.

საქართველოში თურქი ბიზნესმენების ასოციაციის "გურთიადის" თავმჯდომარემ ოსმან თურანმა პრობლემურ მხარეებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ზოგადად, თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები უკეთესობისკენ ვითარდება და პროცესი დინამიურია, რომელშიც გარკვეული ხარვეზები პერიოდულად წარმოიშობა.

„არის პერიოდები, როდესაც თურქი ბიზნესმენებისთვის საქართველოში ბინადრობის მოწმობის გაცემა ფერხდება, არის პერიოდები, როდესაც სასამართლო პროცესები ჭიანურდება და ბიზნესმენები ამას უჩივიან ხოლმე. ძირითადად ბიუროკრატიულ ნაწილშია საჩივრები. ეს ის პროცესია, რომელიც შეიძლება ძალიან გადამწყვეტი არ არის, მაგრამ ბიზნესს სტიმული და მოტივაცია უნდა, ამ შეფერხებისას კი ბიზნესის ენერგია და ფოკუსი სხვაგან გადადის, როცა ლაპარაკია ბინადრობის ან საბუთის აღებაზე“.

მან საქართველო-თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ამოქმედების ეფექტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პროცესი საჭიროებს დახვეწას:

„რაც შეეხება დიაგონალური კუმულაციის ხელშეკრულებას ის იხვეწება და საკმაოდ კარგად მიდის პროცესები ამ შემთხვევაში. პრაქტიკაში ვნახეთ, როგორ შეიძლება უკეთ წარვმართოთ პროცესები. ტექსტილი და ავეჯის სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებებია“.

საქართველოში თურქეთის ელჩი ქართველ მწარმოებლებს ურჩევს, შეისწავლონ თურქული ბაზარი:

„საქართველო ჩვენი მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც კარგი კავშირი გვაქვს. იმისთვის, რომ საქართველოდან ექსპორტი გაიზარდოს, აუცილებელია, ქართველმა მწარმოებლებმა თურქული ბაზრის მოკვლევა განახორციელონ, ეს მათ ბაზრის ათვისებაში დაეხმარებათ. თუ ქართველი ბიზნესმენი ეცდება, გაყიდოს პომიდორი, ეს ალბათ რთული იქნება, თუმცა ალბათ, მეტი პოტენციალი ექნება მაგალითად, ჩირს, ჩვენ არ გვაქვს ფეიხოა. გარდა ამისა, საქართველოში შესაძლოა, არსებობს რომელიმე ნედლეული, რომელსაც თურქეთი სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს. ამდენად, თურქეთის ბაზრის კარგი კვლევაა საჭირო“,– განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

ცნობისთვის: თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით, ხოლო ექსპორტი თურქეთში 66%-ით გაიზარდა. მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდამ 24%, სამრეწველო პროდუქციის ზრდამ კი - 84% შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S