Accentnews.ge
სამხრეთ კორეის ლიდერმა ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა, რომელსაც 22–წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

სამხრეთ კორეის ლიდერმა ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა, რომელსაც 22–წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

24/12/2021 08:35:35 მსოფლიო

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე შეიწყალა, რომელსაც კორუფციის გამო 22 წელი ჰქონდა მისჯილი.

პაკ კინ ჰე 2018 წელს გაასამართლეს, ერთი წლით ადრე კი იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

ის ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პირველი ლიდერი იყო, რომელიც თანამდებობას ჩამოაშორეს.

ყოფილი პრეზიდენტის კორუფციულმა სკანდალმა კი სამხრეთ კორეაში მრავალრიცხოვანი აქციები გამოიწვია.

როგორც კორეული გამოცემა Yonhap წერს, პაკ კინ ჰე პრეზიდენტის საახალწლო ამნისტიის სიაში გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მოხვდა. მიმდინარე წელს ის სამჯერ გადაიყვანეს კლინიკაში.

შეწყალების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან მანამდე პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა მსგავსი ნაბიჯი გამორიცხა.

2018 წელს პაკ კინ ჰე 18 წარდგენილი ბრალიდან 16-ში ცნეს დამნაშავედ. ბრალდებათაგან უმრავლესობა ქრთამის აღებასა და იძულებას ეხებოდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტი გაურიგდა თავის ახლო მეგობარ ჩოი სუნ სილს, რათა ზეწოლა მოეხდინა კონგლომერატებზე, როგორიცაა Samsung და Lotte, შედეგად კი მათ მილიონები გადაერიცხათ ფონდებში, რომელსაც ჩოი სუნ სილი მართავდა. გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს თავისი მეგობრისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემაში.

ყოფილი ლიდერი ყველა ბრალდებას უარყოფდა. თავდაპირველად მას 30-წლიანი პატიმრობა და 20 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრეს, თუმცა მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ჯარიმაც და პატიმრობის ვადაც შეამცირა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S