პუტინის პრესკონფერენციაზე დაშვებული ჟურნალისტების დეზინფექციისთვის 1.4 მილიონი რუბლი დახარჯეს
24/12/2021 07:33:54 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციაზე დაშვებული ჟურნალისტების დეზინფექციისთვის ადმინისტრაციამ 1.4 მილიონი რუბლი დახარჯა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით რუსული გამოცემა Daily Storm წერს.
23 დეკემბერს, მოსკოვის „მანეჟის“ საგამოფენო დარბაზში პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენციის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებს სპეციალურ სადეზინფექციო კაბინებში უშვებდნენ, სადაც ვერცხლის ნაწილაკებს ასხურებდნენ.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ელენა კრილოვამ განაცხადა, რომ ეს სრულიად უსაფრთხო და სასარგებლოც კი არის.
რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტები კრემლის პრესსამსახურმა შეარჩია. სიაში იყო მედიის 507 წარმომადგენელი. ნახევარზე მეტი რუსეთის რეგიონებიდან. პრესკონფერენციაზე დაუშვეს რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენლებიც, თუმცა, შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცეს.


