საფრანგეთის ექს–პრემიერი რუსული კომპანია "სიბურის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
24/12/2021 07:22:14 მსოფლიო
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსეთის ნავთობის, გაზის და ქიმიის უმსხვილესი ინტეგრირებული კომპანია „სიბურის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. კომპანიის ოფიციალურ ვებ–საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ფიიონი დამოუკიდებელი დირექტორია".
2021 წლის ივლისიდან ფრანსუა ფიიონი კიდევ ერთი რუსული კომპანიის, „ზარუბეჟნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრია.
ფიიონს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2007-2012 წლებში, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში ეკავა. 2017 წელს ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. ფრანგული მედია ხშირად წერდა ფიიონის და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობრულ ურთიერთობაზე. 2018 წელს კრემლის პრეს–მდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ ფიიონს და პუტინს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.
2020 წლის ივნისში პარიზის სასამართლომ ფრანსუა ფიიონი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ცოლის ფიქტიურად დასაქმებაში და მიუსაჯა 5 წლით პატიმრობა, მათგან 3 წელი პირობითად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ფიიონი თავისუფალი რჩება.
ფრანსუა ფიიონი არ არის რუსულ კომპანიებში დასაქმებული ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ევროპიდან. 2017 წლიდან ნავთობკომპანია „როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ხელმძღვანელობს.


