იტალიამ შეზღუდვები გაამკაცრა
24/12/2021 06:38:51 მსოფლიო
იტალიამ კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების გავრცელების შესაჩერებლად შეზღუდვები გაამკაცრა.
- ქვეყანაში საახალწლო საჯარო სადღესასწაულო ღონისძიებები აიკრძალა.
- გარდა ამისა, იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანსამ განაცხადა, რომ ღია სივრცეში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის თეატრებში, კინოთეატრებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, Ffp2 სახის ნიღბები გამოიყენონ.
31 იანვრამდე იკრძალება კონცერტები და ღია ცის ქვეშ სხვა საჯარო ღონისძიებების ჩატარება, იხურება დისკოთეკები და საცეკვაო კლუბები.
ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანსამ განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 89% ვაქცინირებულია, თუმცა მთავრობას სურს, მოქალაქეების „ბუსტერ“ დოზით აცრის პროცესი დააჩქაროს. ქვეყანაში „ბუსტერ“ დოზის მიღების პერიოდი 4 თვემდე შემცირდა.
იტალიაში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტმა გავრცელება დაიწყო. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 44 595 შემთხვევა დადასტურდა და 168 ადამიანი დაიღუპა.


