"ნატო–ს არგაფართოების პირობა არასოდეს გაუცია"
24/12/2021 05:48:54 მსოფლიო
"ნატო–ს არგაფართოების პირობა არასოდეს გაუცია", - ასე უპასუხა ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომლის თქმით, ალიანსმა რუსეთი მოატყუა, როდესაც დაპირდა, რომ ნატო აღმოსავლეთის მიმართულებით არ გაფართოვდებოდა.
„ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელ ხელშეკრულებაში წერია, რომ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი. გარდა ამისა, არის 70-იანი, 90-იანი წლებით დათარიღებული დოკუმენტები – ჰელსინკის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია, ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი და მრავალი სხვა ხელშეკრულება, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ქვეყნებს აქვთ საკუთარი გზის არჩევის უფლება. ეს არის ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც რუსეთმაც მოაწერა ხელი. განცხადებების საშუალებით ამის შეცვლა შეუძლებელია. მოკავშირეები მტკიცედ უარყოფენ, რომ ოდესმე ასეთი პირობა გაუციათ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იხილეთ ასევე: პუტინი - დასავლეთს: "წადით თქვენი შეშფოთებებით! ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გვსურს, თანაც დაუყოვნებლივ!"


