პუტინი - დასავლეთს: "წადით თქვენი შეშფოთებებით! ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გვსურს, თანაც დაუყოვნებლივ!"
23/12/2021 14:50:22 პოლიტიკა
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთისგან "რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების დაუყოვნებლივ გაცემას" მოითხოვს. და ეს - ნატო-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობის შესახებ მოსკოვის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის შესახებ აშშ-ისა და მისი ნატო-ელი მოკავშირეების შეშფოთების ფონზე.
წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე Sky News-ის კორესპონდენტმა ჰკითხა პუტინს, შეუძლია თუ არა მას, უკრაინაზე დაუსხმელობის გარანტიები გასცეს. "ჩვენი მოქმედება უსაფრთხოების სფეროში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვაყენებთ რაკეტებს აშშ-ის ტერიტორიის სიახლოვეს? - არა, ეს ისინი არიან მოსულები უკვე ჩვენს ზღურბლთან! და ვის ეკუთვნოდა ადრე კალიფორნია და ტექსასი - ამას დღეს აღარავინ იხსენებს ისე, როგორც იხსენებენ ყირიმს… ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, მაგრამ გაგვაცურეს", - განაცხადა საპასუხოდ პუტინმა.
უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-ისა და ნატო-სთვის 17 დეკემბერს წარდგენილ წინადადებებზე რუსეთის პრეზიდენტმა, კერძოდ, აღნიშნა შემდეგი: "თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები, თანაც დაუყოვნებლივ და არა გვაცურებდეთ ათწლეულობით ლაყბობით! ნატო-ს გაფართოების ხუთი ტალღა იყო, ხუთი! და ამ ფონზე რუსეთის ქმედებებით გამოხატავენ დაუსრულებლად შეშფოთებას... წადით თქვენი შეშფოთებებით! ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გვსურს!".
აშშ-სა და შესაძლოა, ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების პერსპექტივებზე საუბრისას კი მან "მოსკოვის მიერ მიღებული დადებითი რეაქცია" ახსენა. "ბურთი მათ მოედანზეა, მათ პასუხი უნდა გაგვცენ. მინდა, აღვნიშნო, რომ მთლიანობაში, ჯერ-ჯერობით დადებით რეაქციას ვხედავთ", - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის: რუსეთი დასავლეთისგან ნატო-ს აღმოსავლეთით არგაფართოებისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობაზე უარის თქმის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვს.


