
"ვეთანხმები პრემიერის განცხადებას, რომ საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს გააჩნია"
22/12/2021 14:06:49 პოლიტიკა
ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე ბენ ჰოჯესი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ NATO–ს გენმდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე ყურადღების გამახვილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ეთანხმება პრემიერის განცხადებას, რომ საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს გააჩნია".
როგორც ჰოჯესმა „აქცენტთან“ საუბრისას აღნიშნა, "ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველომ წინააღმდეგობა გაუწიოს კრემლის ძალისხმევას, ძირი გამოუთხაროს ამა თუ იმ ქვეყნის სუვერენიტეტს და დააბრკოლოს ნებისმიერი სახელმწიფო, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი.
„ვეთანხმები პრემიერის განცხადებას, რომ საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს გააჩნია. ნატო ყოველთვის მხარს უჭერდა ამას და ამ საკითხზე პოზიცია აშშ–ის მთავრობამაც დააფიქსირა. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ, მათ შორის საქართველომ, წინააღმდეგობა გავუწიოთ კრემლის ძალისხმევას, ძირი გამოუთხაროს ამა თუ იმ ქვეყნის სუვერენიტეტს და დააბრკოლოს ნებისმიერი სახელმწიფო, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. რუსეთს, რა თქმა უნდა, ლიბერალურ -დემოკრატიული უკრაინის და საქართველოსი უფრო ეშინია, ვიდრე თავად ნატო–სი, რადგან კრემლში იციან, რომ საკუთარ ჩაგრულ მოსახლეობასაც იგივე მოესურვება“, – განაცხადა ჰოჯესმა.
რაც შეეხება პრემიერ–მინისტრის გზავნილს, რომლის თანახმად, "დადგა საქართველოს ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო", ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, რომ "საქართველომ უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები საკუთარ ლიბერალურ-დემოკრატიულ და ეკონომიკურ მომავალზე":
"ნამდვილად სურს, საქართველოს დასავლური ინტეგრაცია არა მხოლოდ ნატო–ში, არამედ ყველა სხვა ასპექტში და მზად არის განახორციელოს მძიმე სამუშაო, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში გამჭვირვალობისა და ძლიერი ლიბერალური დემოკრატიული ინსტიტუტების უზრუნველსაყოფად? გამოწვევების საპასუხოდ მუშაობა არასოდეს არის იოლი და შედეგი არასოდეს მოდის შრომის გარეშე“.
ჰოჯესი მიიჩნევს, რომ "ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მთავრობამ შეიმუშაოს ფართო სტრატეგია შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის":
"ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ნატო–ს „ღია კარის“ პოლიტიკას და ნატო–ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მთავრობამ შეიმუშაოს ფართო სტრატეგია შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის, დიპლომატიური და ეკონომიკური საკითხების ჩათვლით ისევე, როგორც სამხედრო თანამშრომლობის კუთხით. ეს სტრატეგია და უფრო ძლიერი, გრძელვადიანი ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი“.
იხილეთ ასევე: რა გზავნილებით ჩავიდა საქართველოს პრემიერი ბრიუსელში რეგიონში ახალი სამხედრო აგრესიის მოლოდინის ფონზე