
"სავარაუდოდ, სელექციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე" – პრეზიდენტთან შეკრებაზე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს
22/12/2021 10:02:10 საზოგადოება
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი აცხადებს, რომ 21 დეკემბერს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების შეკრებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მათგან არავინ მიუწვევია.
სასულიერო პირი ვარაუდობს, რომ ადგილი აქვს სელექციურ მიდგომას და მსგავს შემთხვევაში "შერიგების პროგრამა არ იმუშავებს".
"არამხოლოდ ჩემთან, არამედ, არც ერთ ჩვენს ეპისკოპოსთან, არავისთან კომუნიკაცია არ ყოფილა, არც ჩვენს ოფისში მოსულა მოსაწვევი, არც ტელეფონით ყოფილა კომუნიკაცია. არ ვიცი, ვინ მიიწვიეს და ვინ არა.
სავარაუდოდ, სელექციურ მიდგომასთან შეიძლება, გვქონდეს საქმე, ვიღაცას ეძახიან, ვიღაცას - არა. თუ ასეა და რაკი, ასე ჩანს, თავიდანვე ეტყობა, რომ შერიგების პროგრამა ასე არ იმუშავებს. თუ შერიგებაზეა ლაპარაკი, ეს გულისხმობს ყველას. თუ ვიღაცას არჩევ, ეს უკვე გასცემს იმ თავისებურებას, რომ ეს პროცესი მთლად სერიოზული არაა, სამწუხაროდ", - განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა "ფორმულასთან" და დასძინა, რომ ზურაბიშვილს აქამდე არც ერთ შეხვედრაზე არ მიუპატიჟებია მათი წარმომადგენელი.
21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ადმინისტრაციის გავრცელებულ რელიზში ვკითხულობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი რელიგიურ ლიდერებს ეროვნული თანხმობის შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით ესაუბრა.
"როდესაც ამბობენ, რომ შერიგება ძალიან რთულია, ამაში ვეთანხმები, რომ შერიგება არ არის დღეს - ხვალ რაღაც ზეპროცესი ამას უნდა დიდი მუშაობა, დიდი მოთმინება ყველასგან და პირველ რიგში, ალბათ ჩემგან.
ამ პროცესში მე თქვენი იმედიც მაქვს, რამეთუ თქვენ ასახავთ სწორედ იმას, რომ ეს ქვეყანა იყო და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის ქვეყანა, სადაც მრავალი კონფესიები, რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებები ერთად არსებობდა და ეს თანაარსებობა იყო ამ ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიცია", - განაცხადა ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე.