
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ბათუმში ჟურნალისტების ცემის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს
21/12/2021 16:00:24 საზოგადოება
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ბათუმში დაკავებული ჟურნალისტების საქმეზე, რომლებიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ, განცხადებას ავრცელებს.
კოალიცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილები ძალადობით გადამეტების საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიების პირობებში უნდა დადგინდეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების დეტალები და მოხდეს სათანადო რეაგირება.
გიორგი არობელიძე და რატი რატიანი 17 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ჟურნალისტების თქმით, დაკავებამდე მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. არობელიძე ყვება, რომ შემთხვევა პოლიციის განყოფილებასთან მდებარე ბართან მოხდა. მისი თქმით, პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მის დაკავებას აპირებდნენ, ამაზე გამოსარჩლების გამო კი დააკავეს ჟურნალისტებიც.