"დასავლელი კოლეგების მიერ აშკარად აგრესიული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს“
21/12/2021 12:54:48 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროპაში დაძაბულობის შექმნაში დასავლეთს ადანაშაულებს და "ადეკვატური“ ზომებით იმუქრება. ამის შესახებ მან თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დასავლელი კოლეგების მიერ აშკარად აგრესიული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს“, - განაცხადა პუტინმა მის პირველ საჯარო გამოსვლაზე მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აშშ-სგან და ნატო–სგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
პუტინმა რუსულ სამხედრო სარდლობას განუცხადა, რომ "ნატო აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაშლას რუსეთის საზღვრებთან". გარდა ამისა, რუსეთის ლიდერი ისტორიასაც გადასწვდა და აშშ და მისი მოკავშირეები 1990-იან წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერების დახმარებაში დაადანაშაულა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ნატო–ს ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობას უკრაინასთან რუსეთისთვის "საფრთხე" უწოდა და აღნიშნა, რომ "დონბასის კონფლიქტის ზონაში იმყოფება რომელიღაც ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიის 130 მებრძოლი", რომლებიც, შოიგუს თქმით, „ქიმიური კომპონენტებით“ პროვოკაციას ამზადებენ.
წინა კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა თავისი წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლის განხილვაც მოსკოვს აშშ-სთან სურს. მოსკოვი იმედოვნებს გარანტიის მიღებას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ, ალიანსი უარს იტყვის თავის რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანებაზე და ასევე შეიზღუდება სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან და საქართველოსთან.
18 დეკემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატო–სთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს მკაცრი ეკონომიკური ზომებით ემუქრება. დასავლეთში აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება, იანვრის ბოლოს შეიჭრნენ. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში. კრემლი ბრალდებებს უარყოფს.


