
„უნდა მოიმატოს ვაქცინაციის ტემპმა და დავძლევთ პანდემიას“
21/12/2021 07:45:38 საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია 12 წლის ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად, კლინიკაში ასაცრელად მივიდა და დედა- შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. ეკა და მისი მეუღლე, ექიმი მიხეილ ხუჯაძე, ერთ- ერთი პირველები იყვნენ, რომლებიც მაშინვე აიცრნენ, როგორც კი ვაქცინა გამოჩნდა ქვეყანაში. ეკას ახლა „ბუსტერი“ უწევდა და გაიკეთა. მინისტრი აქტიურად ჩაერთო ასევე კამპანიაში - „ავიცრათ ერთმანეთისთვის“. ამბობს, რომ მის ირგვლივ ბევრი ადამიანი აცრილია. „მე ორჯერ ავიცერი და გუშინ გავიკეთე „ფაიზერი“ - „ ბუსტერდოზა“, ჩემი 12 წლის შვილი ნიკოლაც აიცრა და ახლა სრული შემადგენლობა აცრილები ვართ. რაც შეეხება კამპანიას - „ავიცრათ ერთმანეთისათვის“, მსგავსი ინიციატივა დიდი ხნით ადრე ჩვენი სკოლის პედაგოგებისგან წამოვიდა.
ისინი ძალიან აქტიურობენ ამ კუთხით. ბუნებრივია, ყველას გვაფიქრებს სასწავლო პროცესი. ბავშვები სრულფასოვნად ვერ სწავლობენ, ონლაინსწავლება ძალიან პრობლემატურია. ხშირად მიწევს რეგიონებში ჩასვლა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და ამაზე ხშირად იყო იქ საუბარი. ამ კვირას მივდივარ სენაკში და ვფიქრობთ, ვინც აცრილი არ არის, ჩაერთოს ამ კამპანიაში.
საკუთრივ ჩვენს სამინისტროს კარგი მაჩვენებელი გვაქვს, მთელი გუნდი აიცრა, ერთ-ერთი პირველები ვიყავით. ბევრს „ბუსტერდოზა“ უწევს. ამას წინათ, ახალკახათში, ჩვენს სკოლაში ვიყავი და იქ პედაგოგების 90 პროცენტი აცრილი დამხვდა. მათივე სურვილი და ინიციატივა იყო - აცრილიყვნენ.
ჩვენთან არის ანსამბლი „აფხაზეთი“, „შავნაბადა“, სოხუმის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი და სხვადასხვა შემოქმედებითი გაერთიანება, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართულები, რადგან პანდემიამ ყველაზე მძიმედ სწორედ კულტურის სფეროს დაარტყა და იციან ვაქცინაციის მნიშვნელობა. ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო თეატრის დადგმა, კონცერტების გამართვა და ყველა ვხვდებით, რომ უნდა ვიცხოვროთ ამ რეალობაში და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს.
ახალი ეტაპი იწყება, ბევრმა შეიძლება უკვე მეტი ინფორმაცია მიიღო, იციან აცრის შესახებ, ნახეს, სხვები უკვე მესამედ იცრებიან და თვითონაც გაუჩნდათ აცრის სურვილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ სერიოზული დარწმუნების გარეშე ჩვენი მასწავლებელები და პედაგოგები იცრებიან, იცრებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.
პირადად მე ხალხის დარწმუნება არ მიწევს, უფრო ვსაუბრობთ იმაზე, რა პრობლემებია, რა წარმოიქმნა პანდემიის გამო. საქმე ეხებათ ბავშვებს, ამიტომ უზარმაზარი, ძალიან დიდია ბავშვებთან პასუხისმგებლობა. პირველ რიგშია ჯანმრთელობა და მეორე ეტაპია ის, რომ ბავშვები სრულფასოვნად დაბრუნდნენ საკლასო ოთახში და მუდმივად არ იკეტებოდნენ სახლში.
ყველა მშობელი დამეთანხმება, იმდენად რთულია - ორი კვირა ჩაიკეტო, ერთი კვირა გახვიდე სკოლაში, რომ ასე შეუძლებელია. რა სრულფასოვან განათლებაზეა ასე საუბარი. ამიტომ დარწმუნების საჭიროება არც ყოფილა. როდესაც ხედავ, შენი კოლეგები, შენ ირგვლივ ადამიანები იცრებიან, შენც გიჩნდება პასუხისმგებლობის გრძნობა. არც სამინისტროში დამჭირვებია არავის დარწმუნება. მგონია, ადამიანებს, რომლებიც საჯარო სექტორში მუშაობენ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს“, - ამბობს მინისტრი ეკა ხოფერია.
მისი თქმით, მისი შვილები ონლაინგაკვეთილებს ესწრებიან და სკოლაში არ დადიან.
„ონლაინ სწავლობს ორივე. ხან გაიხსნება და ხან იკეტება სკოლა, ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. გვინდოდა, ზუსტად გვცოდნოდა, სად არიან ბავშვები დაცულობის კუთხითაც. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ახლობლების შვილების დიდი პროცენტია აცრილი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნამდვილად პირველები, რომლებმაც შვილები ავცერით. ჩემი მეუღლე ექიმია და კარგად იცის აცრის მნიშვნელობა. „ასტრაზენეკათი“ პირველი აიცრა, მე, როგორც კი შემოვიდა ვაქცინა, „სინოფარმით“ ავიცერი. მას შემდეგ, სექტემბერში დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც ძალიან მსუბუქად გადავიტანე, მხოლოდ ერთი დღე მქონდა 37 სიცხე და რაც მთავარია, ჩემგან არავის გადაედო. არანაირი გართულება არ დამიტოვა, შეიძლება ჩემი ორგანიზმის, ჩემი იმუნიტეტის დამსახურებაა, მაგრამ მე ასე მგონია, რომ ეს აცრის დამსახურება იყო. სიმპტომი იყო და ძალზე მსუბუქად ჩაიარა ყველაფერმა. ჩვენთან არც იდგა საკითხი, საერთოდ ავიცრათ თუ არა, იმდენად ველოდებოდით აცრას. ჩემი მშობლები აცრილები არიან, ჩემი მეუღლის მშობლები აცრილები არიან, ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მეუღლის მამას ახლა უწევს „ბუსტერი“, ბევრ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა და აცრა აუცილებელი იყო, ამიტომ არც გაგვჩენია კითხვა, ავიცრათ თუ არა“, - ამბობს ეკა ხოფერია და დასძენს: „არ მიყვარს მოწოდებები, მით უმეტეს, როდესაც აზრის სხვადასხვაობაა, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, როცა არსებობს ვაქცინა და როცა არსებობს პრობლემის გადაჭრის გზა, რომელმაც შეიძლება მინუმ შენ ირგვლივ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, შეიძლება მსუბუქად გადაიტანო და სხვაც გადაარჩინო, ეს პატარა წვრილი ხომ უნდა შევიტანოთ პანდემიის დამარცხებაში.
ეს არის ჩემი მიდგომა, რომ სადღაც, რომელიღაც რგოლში, პანდემიის ჯაჭვი გაწყდება და შეიძლება ის პატარა რგოლი, რომელიც გაწყვეტს ამ ჯაჭვს, იქნებ მე ვიყო, მე ეს პასუხისმგებლობა მაქვს. იქნებ გავაჩეროთ ეს პანდემია და სხვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ. ამდენი ადამიანი გარდაიცვალა, ისე შეიცვალა ეს ცხოვრება, მჯერა ვაქცინების, სხვა გზა არ არსებობს. მართლა ველოდებოდით, როდის გამოიგონებდნენ ამ ვაქცინას და მეც ვარ იმის მაგალითი, რომ აცრით უმსუბუქესად გადავიტანე კოვიდი, და თუ ჩემი მაგალითი ვინმესთვის საყურადღებო იქნება, ჩემი ხედვა ასეთია, რომ ავიცრათ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ჩემს ოჯახთან და ახლობლებთან მიმართებაში და მე მაინც მგონია, რომ ბევრი გადაწყვეტს და აიცრება. უნდა მოიმატოს ტემპმა და დავძლევთ პანდემიას. ყველა ვთანხმდებით, რომ მუდმივად ამ სტრესში ცხოვრება შეუძლებელია. საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ამიტომაც ჩვენ პირველები ავიცერით, მგონი, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“.