"ომიკრონით" ინფიცირების პირველი შემთხვევიდან 20 დღის შემდეგ ახალი შტამი აშშ-ში დომინანტური გახდა
21/12/2021 06:35:35 მსოფლიო
"ომიკრონით" ინფიცირების პირველი შემთხვევიდან 20 დღის შემდეგ ახალი შტამი აშშ-ში დომინანტური გახდა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გასულ კვირაში(12-18 დეკემბერი) კორონავირუსით ინფიცირებულთა 73.2%-ს „ომიკრონი“ დაუდასტურდა და 26.6%-ს – „დელტა“. მანამდე ერთი კვირით ადრე (5 –12 დეკემბერი) „ომიკრონი“ დაუდასტურდა ინფიცირებულთა 12.6%-ს და „დელტა“ – 87%-ს.
აშშ-ში უკვე დადასტურებულია "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი ფაქტიც – ჰარისის ოლქში გარდაიცვალა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელი მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.
"ომიკრონით" ინფიცირების პირველი შემთხვევა კალიფორნიაში 1 დეკემბერს დადასტურდა.
ცნობისთვის: კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ მსოფლიოს 80–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში უკვე ცირკულირებს. ახალი ვარიანტის გავრცელების გამო ქვეყნების ნაწილმა, სამოგზაურო და სხვა სახის შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტა“ ვარიანტზე სწრაფად ვრცელდება. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ. მეცნიერები აცხადებენ, "ბუსტერი" ზრდის დაცვას საკმაოდ მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ.


