ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი მოქალაქეებს მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ
21/12/2021 05:16:02 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ.
„გაუქმებული ღონისძიება სჯობს, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე. სჯობს, გავაუქმოთ ახლა და ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ მსოფლიოს 80–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში უკვე ცირკულირებს. ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, ქვეყნების ნაწილმა სამოგზაურო და სხვა სახის შეზღუდვები დააწესა, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ. ნიდერლანდებში კი საშობაო პერიოდში მკაცრი ლოკდაუნი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტა“ ვარიანტზე სწრაფად ვრცელდება. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ. მეცნიერები აცხადებენ, "ბუსტერი" ზრდის დაცვას საკმაოდ მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ.


