
ნანუკა ჟორჟოლიანი აქციაზე დააჯარიმეს
20/12/2021 14:56:26 საზოგადოება
“მთავარი არხის” წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 20 დეკემბერს გამართული აქციის შემდეგ 80 ლარით დააჯარიმეს.
ჟორჟოლიანმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სხვა მომხრეებთან ერთად აქცია გამართა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის შენობასთან და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმეში მტკიცებულებებად მოყვანილი ნივთები მიიტანა. მათ შორის ჩაის შეკვრა, თხილი, საბავშვო სათამაშოები და წიგნი.
ჟორჟოლიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიასთან ერთად უნდა იხილებოდეს გსახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძის საქმეც, რადგან ჟორჟოლიანის თქმით, “მათთან ერთად ჩუბინიძეც აწერდა ამ ხარჯებს ხელს”.
აქციის მონაწილეებმა ეს ნივთები შენობასთან დატოვეს, რაც ჟორჟოლიანის 80 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდა.
ჟორჟოლიანის თქმით, პოლიციამ ის ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად [ 2 კგ მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება] 80 ლარით დააჯარიმა.
ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და მის გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.