
"ან ქვეყნის დატოვება მომიწევს, ან სპორტიდან წასვლა" – სპორტსმენები ახალი რეგულაციების მოლოდინში
20/12/2021 14:21:44 საზოგადოება
სასტუმრო თბილისი მარიოტში „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პრესკონფერენცია გამართა ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
სპორტსმენებმა და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურად გაზრდილი საგადასახადო წნეხის გამო სათამაშო ბიზნესის სექტორს სპორტის სპონსორობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც სპორტის ბევრ სახეობას ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს და განვითარების პერსპექტივებს მოკლავს.
სპორტსმენების განცხადებით, მაღალი რისკია, მათ პროფესიული საქმიანობის გაგრძელდება ვეღარ შეძლონ.
„ჩემი აზრით, სათამაშო ბიზნესს თუ სპორტის დატოვება მოუწევს, ეს ამ სფეროსთვის დამღუპველი იქნება. ქართულ სპორტს ძირითადად სათამაშო ბიზნესი ასპონსორებს. პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, ამ უმკაცრესი რეგულაციების მიღების შემთხვევაში ან ქვეყნის დატოვება მომიწევს, ან სპორტიდან წასვლა, რადგან სხვა სტაბილური შემოსავალი არ გამაჩნია. მე სპონსორი მყავს და სახელმწიფო არაფერს მაძლევს. ყველას მივმართავ, გაითვალისწინონ სპორტსმენების თხოვნა და ისეთი კანონი მიიღონ, რომ სპორტს ხელი შეეშალოს და სათამაშო ბიზნესს ამ სფეროს დაფინანსების ინტერესი დარჩეს“,– განაცხადა ლევან საგინაშვილმა – მსოფლიოს ჩემპიონმა მკლავჭიდში.
საკუთარი წუხილი გამოთქვა მსოფლიოს ჩემპიონმა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემაც:„ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ რომელიმე სპორტსმენი ან კლუბი დაფინანსების გარეშე დარჩება. პირადად მე სათამაშო ბიზნესისაგან დიდ გვერდში დგომას ვგრძნობ, წარმატებები უფრო მიფასდება და არ მინდა, წარმატებული სპორტსმენები დაფინანსების გარეშე დარჩნენ. შესაძლოა, ასეთ ვითარებაში რამდენიმე სპორტსმენს საქართველოს დატოვებაც კი მოუწიოს“.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში ნინო ოძელაშვილი აცხადებს, რომ „სპორტსმენები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ფლობენ, ხელფასს იღებენ, თუმცა არა დამსახურებულს:
„სპორტს გვერდით სათამაშო ბიზნესი ედგა, დაფინანსების გარეშე კი ქართული სპორტი ვერ იარსებებს“.
კიდევ ერთი სპორტსმენი რაულ თუთარაული ამბობს, რომ დაფინანსების გარეშე სამომავლო გეგმებზე ფიქრიც რთული იქნება:
„საქართველოში სპორტი დაფასებული არ არის და სათამაშო ბიზნესი გვერდით არა მხოლოდ MMA-ს, არამედ სხვა ბევრს სპორტს გვიდგას“.
შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დანერგვის თაობაზე. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად (70%-მდე) გაზრდას, რეკლამირების (გარდა სპონსორობისა) სრულად აკრძალვას და მოთამაშეთა ასაკობრივი ქვედა ზღვრის 25 წლამდე გაზრდას. სათამაშო ბიზნესი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას.