მაიკლ მაკფოლი: "რუსეთის მომზადებულ შეთანხმებას მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის ვალდებულება უნდა დაემატოს"
19/12/2021 08:23:38 მსოფლიო
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი მიიჩნევს, რომ 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ შეთანხმების ორი პროექტს ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ, უნდა დაემატოს რამდენიმე მუხლი რუსეთის ვალდებულებების ჩამონათვალით, კერძოდ:
• მუხლი 1. რუსეთი თანახმაა, გაიყვანოს მისი ჯარი მოლდოვიდან და სრულად აღადგინოს ამ ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტი;
• მუხლი 2. რუსეთი თანახმაა, გაიყვანოს თავისი ჯარი საქართველოდან, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და სრულად აღადგინოს საქართველოს სუვერენიტეტი;
• მუხლი 3. რუსეთი თანახმაა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალა უკრაინიდან, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, შეწყვიტოს უკრაინაში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა და სრულად აღადგინოს ამ ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტი;
• მუხლი 4. რუსეთი თანახმაა გაიყვანოს ისკანდერის სისტემის რაკეტები კალინინგრადიდან.
ამერიკელი დიპლომატი დასძენს, რომ მის შედგენილ ზოგიერთ მუხლს "აკლია ნიუანსები (ეს ტვიტერია!) და შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია, მაგრამ სწორედ ამიტომაა საჭირო მოლაპარაკებების გამართვა":
"პუტინმა წამოადგინა თავისი მისწრაფებების სია. აგერ არის ჩემი, ახლა, მოდი, დავიწყოთ მოლაპარაკებები ორი დოკუმენტის გარშემო".
17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული შეთანხმების პროექტით, მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე. გარდა ამისა, ნატომ უარი უნდა თქვას ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე.
ანალოგური მოთხოვნების ჩადებული მოსკოვის მიერ მომზადებულ რუსეთ-აშშ-ის ხელშეკრულების პროექტშიც იმ განსხვავებით, რომ მასში ნახსენები არ არის უკრაინა და ამიერკავკასია:
„აშშ იღებს ვალდებულებას, რათა გამოირიცხოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს იტყვის ალიანსში იმ სახელმწიფოების გაწევრიანებაზე, რომლებიც ადრე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ“.
თეთრ სახლში „მიუღებელი“ უწოდეს რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს, ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.


