ბაიდენი: "აუცრელებისგან განსხვავებით, ბუსტერით აცრილები დაცული არიან სიკვდილისგან"
19/12/2021 08:15:41 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ში, ისინი, ვინც აცრილი არიან და გაკეთებული აქვთ ბუსტერ დოზა, სიკვდილისა და ავადმყოფობისგან დაცულები არიან, ხოლო აუცრელები სიკვდილის საფრთხის წინაშე დგანან.
CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა პანდემიის შესახებ თეთრ სახლში ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა.
"არავაქცინირებულთათვის, ჩვენ ზამთარში მძიმედ ავადობას და სიკვდილს მოველით, მათი ოჯახები გადაიღლებიან და საავადმყოფოები მალე გადაიტვირთებიან. მაგრამ კარგი ამბავია ის, რომ თუ ხართ ვაქცინირებული და მიღებული გაქვთ ბუსტერ დოზაც, თქვენ დაცული ხართ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან" - მიმართა ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს.
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ისაუბრეს "ომიკრონის" შტამზეც. როგორც აღინიშნა, ქვეყანა უნდა მოემზადოს ნებისმიერი სცენარისთვის, თუნდაც "ომიკრონის" შტამი ნაკლებად მძიმე აღმოჩნდეს.
კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.
ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, "ბუსტერ" დოზა კორონავირუსის "ომიკრონის" ვარიანტს ანეიტრალებს.


