
მინისტრი – სააკაშვილის გლდანში გადაყვანაზე: „მისი თითო კიდური თითო თანამშრომელს ეკავა, რომ არ დაზიანებულიყო“
17/12/2021 16:42:27 საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას სადაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის საპატიმროდან ციხიდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის პროცესზ ისაუბრა.
მან კიდე ერთხელ აღნიშნა, რომ სააკაშვილი კანონის დაცვით, მისივე ჯანმრთელობისა და ინტერესების დასაცავად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, გადაწყვეტილება კი მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა უარი თქვა მკურნალობაზე.
მისთვის მიუღებელია ფორმულირება „გატაცება“:
"განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და არა გატაცება, როგორც სრულიად აბსურდულად ამტკიცებდნენ ჩვენი ოპონენტები. როგორ შეიძლება, ადამიანი გატაცებული იყოს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში?! ეს არის აბსურდი. ეს იყო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას. როდესაც პატიმარმა უარი განაცხადა მკურნალობის გარკვეული ნაწილის გაგრძელებაზე, ასევე სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობაზეც, მიღებული იყო ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ ის საჭიროებდა შესაბამის მკურნალობას.
როდესაც ადამიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი ძალიან მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ამ ადამიანმა განაცხადა, რომ ის აღარ მიიღებდა სამედიცინო მომსახურებას. ჩვენ ამ შემთხვევაში რა უნდა გვექნა? ბუნებრივია მის ჯანმრთელობაზე უნდა გვეზრუნა, თავიდან აგვერიდებინა შესაძლო გართულების რისკები, სწორედ ამ მიზნით იყო გადაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში.
პარალელურად არსებობდა შესაბამისი დასკვნა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალისგანაც და თავიდან ბოლომდე ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა", - განაცხადა მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების თემაზეც, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა კანონდარღვევად ცნო.
რატი ბრეგაძემ კადრების გასაჯაროება ახსნა იმით, რომ ამისკენ მოუწოდებდნენ სახელმწიფოს სააკაშვილის ადვოკატები და მედია, პარალელურად კი "დეზინფორმაციას ავრცელებდნენ", თითქოს ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
"აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას. ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში. ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომელს, მათ აქვთ, მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლებამოსილება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული და კარგად დაინახავს სულ ყველა იმ კადრებში, რომ მისი თითო კიდური თითო თანამშრომელს ეკავა, რომ არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეყავდათ", - ასე აღწერა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის რეანომობილიდან გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში მდებარე კლინიკის პალატაში შეყვანის ამბები.
კადრებში, რომლებიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელა, ჩანს, როგორ მიათრევენ ყოფილ პრეზიდენტს ლიფტში, დერეფნებში და ბოლოს, პალატაში. პალატაში შეყვანისას მას ზედა ტანსაცმელი თითქმის აღარ აცვია.
"შესაძლებელია, ვინმეს ეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ როცა ვინმე ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიიტანოს ასეთი სახის იერიში, რომ მის მიმართ გაჩნდეს ასეთი უნდობლობა, ვინმე ადგეს და მოინდომოს ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირება და ამით საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას და თან ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნას, ბუნებრივია, ამ გარემოებათა კომპლექსური შეჯერების საფუძველზე სახელმწიფოს აღარ რჩება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ აცნობოს საზოგადოებას სიმართლე და, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მშვიდობის შენარჩუნება არის სახელმწიფოსთვის ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი და ვიმოქმედეთ სწორედ ამ საჯარო ინტერესის ფარგლებში. ეს არის ის, რაც მე ვფიქრობ, ნებისმიერ თავმოყვარე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე მოფიქრალ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც. თუ ვინმეს ეს არ მოწონს, გასაგებია, მე ვერავის გემოვნებაში ვერ ჩავერევი", - თქვა რატი ბრეგაძემ.