"რუსეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ კიევი მოაწყობს პროვოკაციას, მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის წამოწყებისთვის საბაბის შექმნას"
16/12/2021 19:00:02 მსოფლიო
ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი მაიკლ კარპენტერი უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოველენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "რუსეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ კიევი მოაწყობს პროვოკაციას, მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის წამოწყებისთვის საბაბის შექმნას".
"კრიტიკული პერიოდი არის. უპრეცედენტო საფრთხე ემუქრება უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადყო, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები რუსეთს უპასუხებენ უპრეცედენტო ეკონომიკური და სხვა ზომებით სამხედრო ესკალაციის და უკრაინის დესტაბილიზაციის შემდგომი მცდელობის შემთხვევაში. ამასთან, პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიის გზით საკითხის გადაწყვეტისკენ მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება, მოგვარდეს მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევით. ამ მიზნით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპის საკითხებში კარენ დონფრიდი ამ კვირაში გაემგზავრა კიევსა და მოსკოვში, რათა განემტკიცებინა ჩვენი მხარდაჭერა და სურვილი, მიღწეული ყოფილიყო პროგრესი დონბასში კონფლიქტის დასრულებაში მინსკის შეთანხმებების განხორციელების გზით. სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ის არ არის კონფლიქტის მხარე და უკრაინას მოუწოდებს უშუალოდ ჩაერთოს მოლაპარაკებებში რუსეთის მარიონეტებთან. ის აგრძელებს ცრუ ნარატივის პროპაგანდას, რომ ეს არის „შუამავალი“. თუმცა ჩვენ ყველა ვხედავთ ადგილზე არსებული ფაქტებს. რუსეთი არის მინსკის შეთანხმებების სრულფასოვან მონაწილე და ვალდებულია განახორციელოს დოკუმენტების პირობები. რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინა მოაწყობს პროვოკაციას, აშკარად მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის წამოწყების საბაბის შექმნას. მოდით, ვიყოთ გულახდილები, რუსეთის მიზანია, ხელი შეუშალოს უკრაინას საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელებაში, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, დემოკრატიის გაძლიერებასა და კორუფციასთან ბრძოლაში", – განაცხადა კარპენტერმა.
მან მოუწოდა რუსეთს შეასრუსლოს მინსკის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყირიმთან დაკავშირებული სანქციები დარჩება მანამ, სანამ რუსეთი ნახევარკუნძულზე სრულ კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს.
"ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ და სხვა პარტნიორებს და ვადასტურებთ, რომ ჩვენი აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დარჩება მანამ, სანამ რუსეთი სრულად არ შეასრულებს მინსკის ვალდებულებებს. არსებობს გზა, რომელიც ეფუძნება დიალოგსა და დიპლომატიას, მაგრამ რუსეთმა უნდა აირჩიოს ეს გზა, თუ ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს კონფლიქტი ევროპის შუაგულში", – განაცხადა კარპენტერმა.
ცნობისთვის: აშშ და დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმას ამზადებდეს და ამიტომ მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან თავის 100 000-მდე სამხედროს. რუსეთი უარყოფს ყველა ცნობას უკრაინის ტერიტორიაზე მისი ჯარების შესაძლო შეჭრის თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, მოსკოვს თავდაცვითი პოზიცია უკავია და ეშინია, რომ კიევი მეტისმეტად უახლოვდება ნატო–ს.


