
"ომიკრონის" სავარაუდო შემთხვევა საქართველოში: NCDC 10–მდე ნიმუშს იკვლევს
16/12/2021 14:46:30 საზოგადოება
ამჟამად ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე საეჭვო ნიმუშს იკვლევს. საუბარია კორონავირუსის ახალ შტამზე – „ომიკრონზრე“, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელებული, მათ შორის – საქართველოს სამეზობლოშიც.
როგორც „რუსთავი 2“–ის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით აცხადებს, საეჭვო შემთხვევების შესახებ კითხვები მას მერე გაჩნდა, რაც ლაბორატორიული კვლევით გამოვლინდა, რომ აღებული ნიმუშები არ არის „დელტა“, რომელიც დღეს ქვეყანაში დომინანტური შტამია.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის 10-ზე მეტი საეჭვო შემთხვევის სიღრმისეული კვლევა მიმდინარეობს.
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში "ომიკრონი" უკვე ცირკულირებდეს.
"საქართველოში ჯერ არ გვაქვს დაფიქსირებული [„ომიკრონი“], მაგრამ საეჭვო დაახლოებით, 10-ზე მეტი შემთხვევა არის კვლევაში. მხედველობაში მაქვს, რომ საეჭვო იყო იმ ჩვენი პროტოკოლით, რაც შევიმუშავეთ და ეს საეჭვო შემთხვევები სხვადასხვა ლაბორატორიიდან მოდის. იქ არის ინდიკატორები, როდის უნდა გამოგზავნონ ძირითადად, S გენზე უარყოფითი შემთხვევები. იმ ნაკრებებიდან, რომელიც ამ სამივე გენს აღმოაჩენს ხოლმე და ეს S გენზე როცა უარყოფითია, ის საეჭვოა და შემდეგ ხდება მათი ჩვენთან სეკვენირება. სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება ხოლმე, სწრაფად არ არის ხოლმე პასუხი და ასევე, ჩვენ გვაქვს სხვა არაპირდაპირი pcr მეთოდები, რომლითაც გამორიცხვის მეთოდით, კიდევ მეტი ეჭვი შეიძლება, მიიტანო.
დღეს შემიძლია, ვთქვა, რომ ნამდვილად, ამ საათისთვის, ჩვენ ლაბორატორიულად არ გვაქვს დადასტურებული „ომიკრონის“ შემთხვევა, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იყოს და ცირკულირებდეს ქვეყანაში," - ამბობს ამირან გამყრელიძე.