აშშ–მა უკრაინას დახმარება გაუზარდა
16/12/2021 11:51:21 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებაა გათვალიწინებული. მიღებული დოკუმენტი დასამტკიცებლად გაეგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. 2021 წელს აშშ-მა უკრაინას 250 მილიონი დოლარი გამოუყო, ერთი წლით ადრე - 200 მილიონი.
2022 წელს აშშ-ის სამხედრო ხარჯები განისაზღვრა 770 მილიარდი დოლარით. ეს 5%-ით მეტია შარშანდელზე. ბიუჯეტიდან 4 მილიარდი დოლარი გაიგზავნება ევროპის თავდაცვითი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, 150 მილიონი დოლარი - ბალტიის ქვეყნების თავდაცვისთვის.
სამხედრო ბიუჯეტში მომავალ წელს არ არის გათვალისწინებული სანქციები რუსეთ-გერმანიის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის. როგორც აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, ეს პროექტი საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ზიანს მიაყენებს უკრაინას, რომლის გავლითაც მიეწოდება ამჟამად ევროპას რუსეთის გაზი.
სენატორთა ჯგუფმა 15 დეკემბერს წარადგინა კანონპროექტი სანქციების შესახებ იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთი ფართო მასშტაბის ინტერვენციას განახორციელებს უკრაინაში. ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაზრდას.


