
ევროკავშირის წარმომადგენლობა: "გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გუგუტიანთკარის მახლობლად ღობეების აღმართვა შეწყდეს"
20/08/2019 16:06:09 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, "გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გუგუტიანთკარის მახლობლად ღობეების აღმართვა შეწყდეს".
„რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით, „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ქმედების შეწყვეტას და ყველა შესაბამისი მხარის მიერ კომუნიკაციის არსებული მექანიზმების - ცხელი ხაზისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აქტიურად გამოყენებას. ევროკავშირი კვლავაც მონაწილეობს და ჩართულია საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის გაგრძელებით, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივი წარმომადგენლობის საშუალებით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა. ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.